ვიზიტი ტექნოპარკში
- 22 თებერვალი, 2016
22 თებერვალს კომაროვის სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ ტექნოპარკს (ინოვაციური ტექნოლოგიების პარკს), რომელიც "ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს" მიერ აშენდა და ქმნის ერთიან ეკოსისტემას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, ხელს უწყობს ინოვაციური იდეების განვითარებას. ესაა უნიკალური შესაძლებლობების სივრცე, მომავლის პროფესიების ფორმირებისა და ინოვაციათა წარმოჩენის ადგილი.
ახლად შექმნილ ტექენოლოგიურ პარკში, რომელიც პირველია საქართველოში და ეფუძნება მსოფლიოს საუკეთესო გამოცდილებას, კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა დაათვალიერეს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი დანადგარები და ელექტრომოწყობილობები; გაეცნენ მათი მუშაობის პრინციპებს და ინოვაციურ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ პროგრამებს; ნახეს ულტრათანამედროვე აპარატურები.
მოსწავლეთათვის განსაკუთრებით საინტერესო და მიმზიდველი აღმოჩნდა ის გარემოება, რომ ტექნოპარკი გამომგონებლებს აძლევს უნიკალურ საშუალებას, იქვე დააპატენტონ საკუთარი გამოგონება, შექმნან პროტოტიპი, შეხვდენენ ინვესტორებს და, ბიზნესის განხორციელების შემთხვევაში, შეისწავლონ მენეჯმენტი (პარტნიორი- მართვის აკადემია). ასეთი შეთავაზება ტექნოპარკის მხრიდან ბუნებრივიც იყო, ვინაიდან მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, შანსი მისცეს ნიჭიერ ადამიანებს და ხელი შეუწყოს მათ, საკუთარი ტალანტისა და ინოვაციური პოტენციალის რეალიზება მოახდინონ.
ჩვენი სკოლისთვის ასევე საგულისხმო და სასიხარულო იყო ის ფაქტიც, რომ ტექნოპარკში მიწვეულ მოსწავლეებს გიდობას კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულები უწევდნენ.